logo
ENG



"ვწუხვართ, რომ ოცნება სააკაშვილის მდგომარეობისადმი ინდიფერენტულია" - 4 ევროპარლამენტარი

08 თებ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/28fsa1lzbws5ajx.jpg

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, მარკეტა გრეგოროვა და ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილებისა და ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის მდგომარეობისადმი "ინდიფერენტულობის გამო", იმედგაცრუებასა და წუხილს გამოთქვამენ.

მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების გამო და ღელავს მის სიცოცხლეზე.

4 დეპუტატი აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა "საქართველოს მხრიდან ევროპული ღირებულებებისა და იდეალებისადმი ერთგულება აკლიათ".

ისინი საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ყოფილი პრეზიდენტის ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემასა და მისი სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა "აირიდონ ტრაგედია, რომელიც ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრის".

ევროპარლამენტარების განცხადება:

„ჩვენ ევროპარლამენტის ის წევრები, ვინც განცხადებას ხელს ვაწერთ, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა იმედგაცრუებასა და ვწუხვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გაუარესებადი ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი ინდიფერენტულობის გამო. ყურადღებას ვამახვილებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების შესახებ უარყოფით გადაწყვეტილებაზე .

ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციით გამოთქვა შეშფოთება პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და [საქართველოს ხელისუფლებას] ჰუმანიტარული საფუძვლით მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობა მიეღო და ევროპარლამენტი მას შემდეგ იმეორებდა ამ შეშფოთებას.

ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, ჩვენ მისი სიცოცხლე გვაღელვებს.

ჩვენ ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იყო ევროპელი ნიშნავს ერთგულობდე ევროპულ ღირებულებებსა და იდეალებს, რაც საქართველოს მხრიდან გვაკლია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტი სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აირიდოთ ტრაგედია, რომელიც თქვენს ევროპულ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრის და გადაავადებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს." - აცხადებენ ევროპარლამენტარები. 

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

 

close დახურვა